Learn more
სოფელი თაბორი მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 850 მეტრზე. სოფელი მოქცეულია ოთხ მთას შორის, მას ერთი მხრიდან ეკვრის მისტიური და ამოუცნობი ხვამლის მთა, რომლის შესახებ არაერთი თქმულება და ლეგენდა უკავშირდება საქართველოს დიდებულ მეფეებს. სახელი თაბორი უკავშირდება მის გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელსაც ხშირად ამსგავსებენ იერუსალიმის წმინდა ადგილს, სადაც იესო ქრისტემ ფერი იცვალა, ამის აღსანიშნავად, სოფელში განსაკუთრებულად აღინიშნება ფერიცვალების დღესასწაული. ამ დროს სოფლის სალოცავზე იკრიბება უამრავი ადამიანი, როგორც ადგილობრივები ასევე ჩამოსული სტუმრებიც. არსებობს საოცარი თქმულება იმის შესახებ, რომ როგორი მცხუნვარე მზეც უნდა იყოს ამ დროს, მოსაღამოვებისას აუცილებლად გაწვიმდება.
რაც შეეხება სოფლის ღირსშესანიშნაობებს, სოფელს ოთხივე მხრიდან არტყამს სალოცავი ადგილები, რომლებიც მაცხოვრებელთათვის განსაკუთრებით წმინდაა, მათგან აუცილებლად აღსანიშნავია "დედაღვთისა", რომელიც სოფლის ყველაზე შემაღლებულ ადგილასაა და თარიღდება მეექვსე საუკუნით. ეკლესია ქვისგანაა ნაგები, ციხე-კოშკს აქვს დარაბები და საიდუმლო გვირაბი, რომელიც ციხე-ეკლესიას აკავშირებდა სოფელთან. ციხე-ეკლესია თავშესაფარი იყო ომიანობის პერიოდში, გვირაბის მეშვეობით კი საიდუმლოდ შეიძლებოდა იარაღის, საკვებისა და წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის. სათოფურები გამოიყენებოდა თავდაცვის მიზნით. ეკლესიას შენარჩუნებული აქვს ძველი სახე, თუმცა საიდუმლო გვირაბი დღესდღეობით ამოვსებულია და უმოქმედოა. იგი როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე სამლოცველო კოშკი უნდა ყოფილიყო. ნაგებობის ჩრდილოეთით მოსწორებული ბაქანია, სადაც სავარაუდოდ თავდაპირველი ეკლესია იდგა. ძველი ტაძრის მოჩუქურთმებული დეკორატიული ფრაგმენტები დატანებულია ამჟამინდელი სამლოცველოს კედლებში. 1969 წლამდე ეკლესიაში ჯერ კიდევ ინახებოდა შენაწირი ვერცხლის სასმისები მხედრული წარწერებით: “ქრისტე, ჯვარცმის თაბორის შეწირული უხმარი ვერცხლი მე გავაჭედინე ლაშხიშვილმა ბახუტამ და ისევე მოგვირთმევია ჩვენის სადღეგრძელოდ. სულის საოხად და საცხონებლად, ამინ”, “მღუდელი დავით ნიკოლოზის ძე ქასელაძე”.